პირობით მსჯავრდებულებს კანონით დადგენილი რეჟიმის შესაბამისად, გამოცხადების წინა დღეს პრობაციის ბიუროში გამოცხადებას მობილური ტელეფონის საშუალებით შეახსენებენ.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული სერვისის დანერგვა უარყოფითი შედეგების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად. კერძოდ, პირობით მსჯავრდებულთა მხრიდან პრობაციის ბიუროში სავალდებულო რეგისტრაციის დღეს გამოცხადების უნებლიედ დავიწყებამ დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის, შეიძლება დაჯარიმება გამოიწვიოს.
"პრობაციის ეროვნული სააგენტო სერვისის განხორციელებას შპს ,,მაგთიკომ"-ის საშუალებით უზრუნველყოფს და პრობაციის ეროვნული სააგენტოს საბიუჯეტო ასიგნებებიდან სრულად დაფინანსდება", - აცხადებენ სამინისტროში.
სერვისით სარგებლობისთვის პირობით მსჯავრდებული ვალდებულია, პრობაციის ბიუროს ზუსტად იმ მობილური ტელეფონის ნომერი მიაწოდოს, რომელზეც შეტყობინების მიღება სურს.
მოკლე ტექსტური შეტყობინების მიუღებლობა პირობით მსჯავრდებულს კანონით დადგენილი რეჟიმის შესაბამისად პრობაციის ბიუროში გამოცხადების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს.