დღეს, 23 ოქტომბერს, ბრატისლავაში ნატოს მინისტერიალი დასრულდება.
მინისტერიალი 23 ოქტომბერს ალიანსის გენერალურმა მდივნმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა გახსნა. მინისტერიალს რასმუსენი ნატოს გენერალური მდივნის რანგში პირველად წარუძღვა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამომავლო გეგმებზე, ალიანსის უსაფრთხოებაზე და ნატო-რუსეთის ურთიერთობაზე, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის საკითხებზე. ნატოს ახალმა გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ალიანსის კარი ღია რჩება იმ ქვეყნებისთვის, ვისაც ნატოში ინტეგრაცია სურს.
შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებისთვის გაკეთებულ განცხადებაში რასმუსენმა აღნიშნა, რომ ნატო ერთგული რჩება თავისი გადაწყვეტილების, რომელიც ბუქარესტში მიიღეს და შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველო და უკრაინა ნატოს წევრი ქვეყნები გახდებიან.
"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ბუქარესტში, ნატოს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაშია. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან. რა თქმა უნდა, მათ ამისათვის საჭირო კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ. სწორედ ამისათვის ჩამოვაყალიბეთ კომისიები საქართველოსთვის და უკრაინისთვის. ორივე ქვეყანასთან ვმუშაობთ ამ კომისიების ფარგლებში რეფორმებისა და თავდაცვის კუთხით. იმედი მაქვს, ჩემი გენერალური მდივნის რანგში მუშაობის პერიოდში პროგრესს მივაღწევთ", _ განაცხადა რასმუსენმა.
ნატოს მინისტერიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ბაჩო ახალაია ესწრება.
მინისტერიალის ფარგლებში ბაჩო ახალაია პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.