შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს შორის მცირე შეკამათება მოხდა.
ღარიბაშვილს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ბარამიძემ ლუკა კურტანიძის გამონათქვამი შეახსენა, სადაც კურტანიძე ამბობს, რომ ის "პოლიციელებს გაატყავებს".
გიორგი ბარამიძის განცხადებით, არაჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი არ შეიძლება იყოს პოლიციელების აღმზრდელი.
ბარამიძის რეპლიკას შს მინისტრმა უპასუხა, რომ კურტანიძე პოლიციელი არ არის და ის სპორტს კურირებს.
"კურტანიძეს აქვს თავისი პოლიტიკური შეხედულება. მე რა თქმა უნდა არ ვიზიარებ მის შეხედულებას და მიმაჩნია, რომ ეს იყო ძალიან მძიმე შეფასება მისი მხრიდან. გიდასტურებთ და კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ კურტანიძე კურირებს სპორტს აკადემიაში. მას არავითარი შეხება არ აქვს პოლიციასთან", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი განმარტებით, კურტანიძე პოლიციელებს თვითონ არ ამეცადინებს.
"ფიზიკურად კი არ ამეცადინებს პოლიციელებს, არამედ ის კურირებს სპორტული ღონისძიებების დაგეგმვას და ა.შ. 26 მაისს რაც აჩვენეთ ეს იყო მაგალითი. აბსოლუტურად ყველა დაისჯება, ვინც 26 მაისის მოვლენებში მონაწილეობდა", - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, საპარლამენტო უმცირესობა იმ ხელისუფლებას წარმოადგენს, რომელმაც 26 მაისი, ციხეებში მიმდინარე მოვლენები მოაწყო.
""კურტანიძემ აღიარა, რომ ეს დიდი შეცდომა იყო, მაგრამ თქვენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც არათუ განცხადებას აკეთებდით, არამედ აღასრულებდით ამ ყველაფერს, რაზე საუბრობთ საერთოდ? რაც შეეხება კურტანიძის მიერ ცემის ფაქტს, ამას პროკურატურა იძიებს. რაც ხდებოდა ციხეებში რა იყო? 7 ნოემბერს რა ხდებოდა? პოლიციის სამმართველოსთან რა ხდებოდა? რა განცხადებებზე საუბრობთ საერთოდ?!", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, გიორგი ბარამიძემ შს მინისტრის საპასუხოდ აღნიშნა, რომ 26 მაისის აქცია თავად საქართველოს სირცხვილია. მან მინისტრს იმ ადამიანების დასჯისკენ მოუწოდა, ვინც დანაშაული ჩაიდინა.