ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი თბილისის მერთან გიგი უგულავასთან ერთად ნუცუბიძის მესამე მ/რ-ში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა. გიგი უგულავამ დევნილებს თბილისის მერიის მიერ დაგეგმილ 2010 წლის პროექტები გააცნო, კობა სუბელიანმა კი ფართების დაკანონების პროცედურებზე ისაუბრა, რომელიც აღნიშნულ ობიექტზე დღეს დაიწყო.
ნუცუბიძეზე მდებარე ყოფილ სასტუმრო "აკადემიურში" 17 წელია აფხაზეთიდან დევნილი 141 ოჯახი ცხოვრობს. დღეს საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა აღნიშნულ ობიექტზე ფართების აზომვითი სამუშაოები დაიწყეს, რაც იმას ნიშნავს, რომ დახლოებით ერთ თვეში აღნიშნული ობიექტი დევნილთა საკუთრება გახდება. მათ სრული უფლება ექნებათ, საკუთრება გაყიდონ, გადაცვალონ ან ბანკიდან სესხი აიღონ.
როგორც დევნილებმა კობა სუბელიანთან საუბრისას აღნიშნეს, რაკი საკუთარი ჭერი გააჩნიათ, დანარჩენს თავად მიხედავენ. მინისტრმა კი განაცხადა, რომ სახელმწიფოს ყურადღების გარეშე არც ერთი დევნილი დარჩება.
"აღნიშნულ ობიექტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილები საკუთრების დამადასტურებელ მოწმობებს ერთ თვეში მიიღებენ. ინდივიდუალურ გამრიცხველიანებასაც გავაკეთებთ და გამოსახლებისა თუ ელექტროენერგიის გათიშვის პრობლემა არასდროს ექნებათ. რაც ყველაზე მთავარია, უახლოეს 2 წელიწადში აფხაზეთიდან დევნილი ყველა ოჯახი ანალოგიური პირობებით დაკმაყოფილდება. სახლემწიფოს ყუიადღების გარეშე არცერთი ოჯახი რადჩება", _ განაცხადა კობა სუბელიანმა.