იმერეთში 2006 წელს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახი საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს, - ამის შესახებ განცხადება "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე "ჩემი საქართველოს" წარმომადგენელმა ელისო კილაძემ სპეცოპერაციის დროს მოკლული მურთაზ კიზირიას მამასთან რამინ კიზირიასთან ერთად გააკეთა. მისი თქმით, 2006 წლის 23 თებერვალს იმერეთში სპეცოპერაციის შემდეგ სამი ახალგაზრდა მურთაზ კიზირია, ვალერი ბენდელია და ზურა ბაბუხარდია იქნა ლიკვიდირებული.
"პოლიცია აცხადებდა რომ ადგილი ჰქონდა ორმხრივ სროლას და ბიჭები იყვნენ შეიარაღებული. არსებობს ექსპერტიზის დასკვნა იმის შესახებ ბიჭების სამოსზე არანაირი მეტალის კვალი არ აღმოაჩნდა. ეს ახალგაზრდები ტაქსით გადაადგილდებოდნენ. ტაქსის მძღოლი კი რომლითაც ეს ახალგაზრდები გადაადგილდებოდნენ აცხადებს რომ მათ იარაღი არ ჰქონიათ. მთავარი მოწმე ამ საქმეში არის გურამ დონაძე იმიტომ რომ კადრები რომელიც გადაიცა ამ საქმეზე არის ფალსიფიცირებული", - აცხადებს კილაძე.
გარდაცვლილის მამის რამინ კიზირიას განცხადებით, კი ამ საქმის ხელახალი გამოძიება უნდა მოხდეს.
"ჩვენ მოვითხოვთ ამ საქმის ხელახალ გამოძიებას რათა სათანადოდ იქნას დასჯილი ყველა ის პირი ვინც ამ სპეცოპერაციაში მიიღო მონაწილეობა", - აცხადებს კიზირია.