სილმაზის კონკურსის „ბურიატიის მშვენება-2008-ს გამარჯვებული ვიქტორია ლინგდენოვა საკუთარ სახლში, მოსკოვში გარდაცვლილი იპოვეს. გოგონა ბინაში მამასთან და დასთან ერთად ცხოვრობდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ვიტორიას ცხედარი პირველმა მამამ აღმოაჩინა.
იმ დღეს გოგონა ბინაში მარტო დარჩა. დილით მამამ სამსახურში დაურეკა, თუმცა მან ტელეფონს არ უპასუხა. აღელვებული მამა სახლში დაბრუნდა და ქალიშვილი ბინის მეორე სართულის საძინებელში გარდაცვლილი იპოვა.
მომხდარის გარემოებების შესასწავლად ამჟამად გამომძიებლები მუშაობენ. გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენა ვერ მოხერხდა. ექსპერტების განცხადებით, საჭიროა დამატებითი გამოძიება, მათ შორის, ქიმიური და ჰისტოლოგიური, რათა სწორი პასუხი იქნას მიღებული. წინასწარი მონაცემებით, სიკვდილის მიზეზი, სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა, რომელიც სტრესმა გამოიწვია.
ეს პირველი ტრაგედია არ არის ამ ოჯახში. დაახლოებით ერთი თვის წინ გოგონას დედა 45 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლიგდენოვა „ბურიატიის მშვენება-2008"-ის გამარჯვებული 16 წლის ასაკში გახდა, ხოლო შემდეგ წელს „რუსეთის მშვენების" კონკურსზე მესამე ადგილი დაიკავა. ვიქტორიას ყოფილი ქმარი კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირის გამო დაპატიმრებულია და ამჟამად სასჯელს იხდის.