თბილისის საქალაქო სასამართლომ თამარაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული ოთხი პირიდან სამს გირაო, ხოლო ერთს პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლომ დღევანდელ სხდომაზე, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ ოთხი პირის დავით ეჯიბიას, გიგა იობაშვილის, ერასტი საბანაძის და ბექა ხოფერიას ადვოკატის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, დაკავებულებს გირაო 7 - 7 ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ, დავით ეჯიბიას აღკვეთის ღონისძიებად კი, პატიმრობა დარჩა.
გირაოს გადახდის ვადა 15 დღეა. თანხის გადახდისთანავე ბექა ხოფერია, ერასტი საბანაძე და გიგა იობაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდებიან.
ბრალდებულების ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფი ოთხივე ბრალდებულისთვის აღმკვეთის ღონისძიების სახით 2 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა ბრალდების მხარემ არ დააკმაყოფილა.
საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, პატიმრობაში დატოვებული დავით ეჯიბია ორჯერაა ნასამართლევი, ბექა ხოფერია და გიგა იობაშვილი კი, წვრილმან ხულიგნობაში არიან შემჩნეული, რის გამოც ადმინისტრაციული სახდელი აქვთ დაკისრებული.
ყოფილი დეპუტატის ხათუნა ხოფერიას ვაჟი ბექა ხოფერია, დავით ეჯიბია, გიგა იობაშვილი და ერასტი საბანაძე სამართალდამცველებმა 14 მარტს, თამარაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მათ ბრალად პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებათ.