საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს თანამშრომელი თენგიზ მოდებაძე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ თ. მოდებაძემ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის აშენებულ ახალ საცხოვრებელ კორპუსში, სამ ოთახიანი ბინის მიღების სანაცვლოდ, ერთ-ერთ დევნილ ოჯახს ქრთამის სახით 500 აშშ დოლარი გამოართვა.
ქრთამის აღების ფაქტზე, სამართალდამცველებმა ასევე დააკავეს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ალის და წაღვლის რწმუნებულები მარგარიტა კულიჯანოვა და ელგუჯა კილაძე. მათან ერთად დაკავებულია სოფელ ალის მკვიდრი გიორგი ნოზაძეც, რომელიც ქრთამის აღებაში ხელშეწყობისთვის არის ბრალდებული.
გამოძიებით დადგინდა, რომ მ. კულიჯანოვამ და ე. კილაძემ მსხვილფეხა საქონლის გაყიდვისთვის საჭირო ყალბი ცნობების დამზადების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 600 ლარი აიღეს.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც 6 დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.