საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვიზიტით ეწვია სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციის (ICDO) დელეგაცია გენერალური მდივნის, ნავაფ ალ სლეიბის ხელმძღვანელობით. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქმიანი შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. შეხვედრისას მხარეები ურთიერთთანამშრომლობისა და საქართველოში სამოქალაქო თავდაცვის სისტემის განვითარების საკითხებზე იმსჯელებენ.
ასევე დაგეგმილია დელეგაციის ვიზიტები შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებში.
ICDO-ს წევრები შეხვდებიან საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს და საჩვენებელ ღონისძიებას სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოში დაესწრებიან. სტუმრები შსს-ს ,,112-ის ქოლ-ცენტრს" და რუსთავის მომსახურების სააგენტოსაც ეწვევიან.
სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციის მიზანია, სამოქალაქო თავდაცვის ქვედანაყოფების შექმნისა და აღჭურვის ხელშეწყობა, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარება, და კატასტროფებით დაზარალებული ადამიანებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უზრუნველყოფა. საქართველო ICDO-ს წევრი 1995 წელს გახდა.