რუსეთიდან ქართველი "კანონიერი ქურდის" საქართველოში დეპორტაცია განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. გიორგი გიორგაძეს, რომელიც კრიმინალურ წრეებში "გია"-ს ან "ვაჟა"-ს ზედმეტსახელადაა ცნობილი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ჩასვლა 2019 წლამდე აუკრძალეს. გადაწყვეტილება კრიმინალის დეპორტაციის შესახებ ფედერალური საიმიგრაციო სამსახურის სამმართველომ მიიღო.
წარსულში არაერთგზის ნასამართლევი გიორგი გიორგაძე 2011 წელს ნარკოტიკების შენახვისათვის დააპატიმრეს. სასჯელს იგი პერმის მხარეში მდებარე ერთ-ერთ კოლონიაში იხდიდა.
რუსული მედია ასევე იუწყება, რომ სასჯელის მოხდის პერიოდში მან თავი უარყოფითად წარმოაჩინა და კოლონიის რეჟიმის უხეშ დამრღვევთა ნუსხაში მოხვდა. გიორგაძე ცხოვრობდა ე.წ. ქურდული ტრადიციებით და ამ ე.წ. ტრადიციების გავრცელებას სხვა დაკავებულთა შორისაც ცდილობდა.
ამიტომაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება გათავისუფლების შემდეგ გიორგაძის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ყოფნის არასასურველობის შესახებ. გიორგაძეს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა 2019 წლამდე აეკრძალა.
მასალის გამოყენების პირობები