საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილი სამსახურებრივი გულგრილობის და დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების გაფლანგვის ბრალდებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, პასუხისგებაში მისცეს ქალაქ ფოთის მერიის ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახურის უფროსი დავით კომახიძე, მისი მოადგილე კონსტანტინე ადამია, განყოფილების უფროსი გიზო ხურცია, სამსახურის მთავარი სპეციალისტი ჯუნა სიჭინავა და ასევე, შპს „ინფრასტრუქტურა 2008"-ს დირექტორი ირაკლი დონდუა.
გამოძიებით დადგინდა რომ ფოთის სანიაღვრე არხების მოვლა-პატრონობაზე გამოცხადებულ ტენდერებში ერთპიროვნულად იმარჯვებდა მერიის მიერ დაფუძვნებული შპს „ინფრასტრუქტურა 2008." სამუშაოების ჩასატარებლად შპს-ს ჩაერიცხა 1 395 927 ლარი. მიუხედავად ამისა, ტენდერის პირობებით გათვალისწინებული სამუშაოები საწარმომ უხარისხოდ და არასრულყოფილად შეასრულა, ხოლო შეუსრულებელი სამუშაოები დოკუმენტაციაში შესრულებულად დააფიქსირა. ამ დანაშაულებრივი ქმედებით ი. დონდუამ 104 913 ლარი გაფლანგა, ხოლო საჯარო მოხელეებმა, მათ მიერ საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულებით და ფიქტიური მიღება ჩაბარების აქტების გაფორმებით, ხელი შეუწყეს ამ ქმედებას.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილით და 342 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.