12 მარტს, სასტუმრო „რედისონში" სამდღიანი სემინარი დაიწყო, რომელიც ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის, ანგარიშგებისა და მონიტორინგის შეფასებას, 2014-16 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრიორიტეტების განსაზღვრას ისახავს მიზნად.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საერთაშორისო და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, აგრეთვე - გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს (UNODC) ექსპერტები.
სემინარი იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ გახსნა, რის შემდეგაც შეხვედრა პლენარული სხდომების რეჟიმში გაგრძელდა. მონაწილეებმა საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს და 2014-216 წლების სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს. დღის ბოლოს სემინარის მონაწილეებმა სამუშაო შეხვედრის შედეგები შეაჯამეს.
სემინარის მომდევნო ორი დღე ანტიკორუფციული სტრატეგიის ანგარიშგებისა და მონიტორინგის სისტემის შეფასებას დაეთმობა.
სამუშაო შეხვედრები ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს (UNODC) დაფინანსებით გაიმართა.