თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 50-ე კილომეტრზე კასპის რაიონის სოფელ ოკამთან, „სუბარუს" მარკის ავტომობილი, რომელიც გორიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
შსს-ს ინფორმაციით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მძღოლი და მისი მცირეწლოვანი შვილი ადგილზე გარდაიცვალნენ. დეფორმირებული ავტომანქანის სალონიდან გარდაცვლილების გადმოყვანა მხოლოდ სამაშველო სამსახურის ძალისხმევით მოხერხდა. წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს.