რამდენიმე დღის წინ ოკუპირებულ აფხაზეთში მსხვილი ე.წ. ქურდული შეკრება გაიმართა. ამ ქურდული "სამიტის" მთავარი მიზანი ე.წ. ქურდულ ოჯახში ახალი წევრების მიღება იყო.
აღნიშნულ შეკრებაზე ე.წ. კანონიერი ქურდის "ტიტული მიიღო გუდაუთის ორმა მცხოვრებმა - ასტამურ შამბამ და ალხაზ ავიძბამ.
შეკრებას ესწრებოდნენ კრიმინალური ავტორიტეტები: ბორის პეტროვი (აკაპელა), ვალერი ხაშბა, ვახტანგ ფაჩულია (ნანიკ), სტანისლავ ციშბა (პაკა), რაულ ბარცბა (პიზა) და მერაბ ბახია. ყველა ამ ადამიანმა შამბასა და ავიძბასათვის "კანონიერი ქურდის" წოდების მინიჭებაზე თანხმობა განაცხადა.
ამიერიდან ახლადგამომცხვარი "კანონიერი ქურდები" მერაბ ჯანგველაძის (მერაბ სუხუმსკის) სოხუმურ ქურდულ კლანს შეუერთდნენ.
შეგახსენებთ, რომ ორი თვის წინ სოხუმში მერაბის ნათლული, "კანონიერი ქურდი" ასტიკ სუხუმსკი მოკლეს.