იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ძმაზე, დავით ადეიშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა, - ინფორმაციას ამის შესახებ "კახეთის საინფორმაციო ცენტრი" საქმის პროკურორზე, ხვიჩა ბეგიაშვილზე დაყრდნობით ავრცელებს.
დავით ადეიშვილს კახეთის საოლქო პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა სასამართლომ მას დაუსწრებლად შეუფარდა. პროკურატურის ინფორმაციით, ადეიშვილი მიმალვაშია და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.
ადეიშვილის ადვოკატი კი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საქართველოში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდება.