2013 წლის 6 მარტს, 11:00 საათზე, შსს-ს აკადემიაში იმიტირებული სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გახსნის ცერემონიას შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელი ილიანა დერილოვა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა ხუციშვილი და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრებიან.
ობიექტის მშენებლობა და აღჭურვა აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების ბიუროს (INL) დაფინანსებით და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით განხორციელდა.
შენობა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, როგორიცაა: ინტერაქტიული დაფა, კომპიუტერული ოთახი, ვიდეოკონტროლის აპარატურა, პროექტორი, თითის ანაბეჭდების სკანერი, სამგზავრო დოკუმენტების მეორადი ინსპექტირების ოთახი, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების შემოწმებისთვის საჭირო ტექნიკა.
შსს-ს აკადემიაში იმიტირებული სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გახსნის მიზანია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტების პირადი შემადგენლობის რეალურ ვითარებასთან მიახლოვებულ პირობებში სწავლება.
სწავლების ასეთი ფორმა ხელს შეუწყობს ურთიერთშეთანხმებული მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას, საზღვრის ეფექტურ დაცვას და მგზავრთა ნაკადის მაღალხარისხიან მომსახურებას.
იმიტირებული სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გახსნასთან ერთად, დაიწყება აშშ საელჩოს მიერ ორგანიზებული ტრენინგი თემაზე - „საზღვრის კონტროლის მართვა", რომელსაც ამერიკელი ექსპერტები წაუძღვებიან. ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის, სპეციალური ოპერაციების ცენტრისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები, 15 მარტს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები