სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია მსჯავრდებულთა უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და მათზე რეაგირების მიზნით, აქტიურად განაგრძობს მუშაობას.
სამინისტროს ინფორმაციით, ამჯერად, გენერალურმა ინსპექციამ დაასრულა სამსახურებრივი მოკვლევა მსჯავრდებულ ვალტერ ჭკადუას განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც ის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #15 დაწესებულების თანამშრომლებს მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ამხელდა.
მოკვლევის თანახმად, 2013 წლის 22 თებერვალს, მსჯავრდებული ვალტერ ჭკადუა, მისივე განცხადების საფუძველზე, სასჯელაღსრულების #6 დაწესებულებიდან #15 დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მსჯავრდებულის განმარტებით, ამ უკანასკნელი დაწესებულების თანამშრომლები, იმ მოტივით, რომ მას არ სურდა სხვა საკანში გადასვლა, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. 2013 წლის 2 მარტს, ვალტერ ჭკადუა, შესაბამისი ბრძანებისა და პირადი საქმის გარეშე, კვლავ უკან, #6 დაწესებულებაში იქნა ეტაპირებული.
დაწესებულების ექთანმა მსჯავრდებულის სხეულზე მრავლობითი დაზიანებების არსებობა დააფიქსირა, დაწესებულების დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ჭანტურიამ, კი ხელმძღვანელობას ეს ფაქტი დაუმალა.
გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურეობრივი შემოწმების შედეგად მოპოვებული მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურას.
გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #6 დაწესებულების დირექტორის მოადგილე ირაკლი ჭანტურია სისტემიდან დაითხოვეს, ვინაიდან მან მომხდარი ფაქტის შესახებ ხელმძღვანელობას არ აცნობა და შესაბამისად, დაკისრებული მოვალეობის შესრულება ვერ უზრუნველყო.
დასკვნა შემდგომი რეაგირებისთვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტს გადაეგზავნება და მიეცემა მითითება, რომ მომავალში ანალოგიური დარღვევების აღმოფხვრის მიზნით პრევენციული ღონისძიებები გაატაროს, ხოლო დასკვნის ასლი გადაეგზავნება მთავარ პროკურატურას.
მთავარ პროკურატურას უკვე გადაეგზავნა საქმე ქსნის #15 დაწესებულებაში 2013 წლის 4 მარტის ღამით მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შემდგომი რეაგირებისთვის. რაც შეეხება დაწესებულების ყოფილ დირექტორს არსენ (ნუკრი) ხუხუას, მან თანამდებობა დატოვა პირადი განცხადების საფუძველზე.