ნიკა გვარამიას საქმის არსებითი განხილვისთვის დღეს წინასასამართლო სხდომაა დანიშნული. სხდომაზე მხარეები მტკიცებულებებს წარადგენენ და გადაწყდება - სასამართლო არსებით განხილვაზე დაუშვებს თუ არა საქმეს.
გვარამიას ადვოკატ მამუკა ჭაბაშვილის თქმით, თუკი სასამართლო საქმის არსებითად განხილვას დაუშვებს, მას შემდეგ ორი კვირის განმავლობაში ჩაინიშნება სასამართლო პროცესი, სადაც განიხილება ის ბრალდება, რაშიც პროკურატურა ნიკა გვარამიას ედავება.
ნიკა გვარამიას ბრალი ქრთამის აღებაში, ალექსანდრე ხეთაგურთან თანამონაწილეობაში ედება. როგორც მამუკა ჭაბაშვილი აცხადებს, დანაშაულს ადგილი არ აქვს და ეს სასამართლო სხდომაზე დადასტურდება.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით დაკავებულ ექვსივე პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.
ნიკა გვარამიას, ალექსანდრე ხეთაგურს, კახა დამენიასა და დევი კანდელაკს გირაოს სახით 30 - 30 000 ლარის გადახდა დაეკისრათ, გიორგი ნემსიწვერიძესა და იზაბელა გუტიძეს კი - 15 000 ლარი.
ბრალდებულებს გირაოს თანხის გადასახდელად 20-დღიანი ვადა მიეცათ. სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ისინი ამ თანხის გადახდის შემდეგ დატოვებენ.
საქმეზე წინა სასამართლოს სხდომა 31 იანვრის, 14:00 საათისთვის ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს დაკავებულ პირებს ბრალი ცრუ მეწარმეობაზე, საგადასახადო დოკუმენტაციის გამოყენება-გაყალბებასა და დიდი ოდენობის ქრთამის აღებისთვის წაუყენეს. როგორც ჟურნალისტებთან ბრალდებულის ადვოკატებმა განაცხადეს, მათი დაცვის ქვეშ მყოფები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და დუმილის უფლებას იყენებენ. ადვოკატების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე ისინი აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვენ.