სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე გაგა მკურნალიძე, რომელსაც ბრალი პატიმართა წამებაში ედება თავს დამნასავედ ცნობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან 17 პირის წინასასამართლო სხდომის შემდეგ ადვოკატმა კობა ამბარდნიშვილმა განუცხადა.
ამბარდნიშვილის თქმით, გაგა მკურნალიძე დანაშაულს აღიარებს თუმცა, მიუთითებს, რომ რეჟიმის მსხვერპლია.
"გაგა მკურნალიძე დანაშაულს აღიარებს. სასამართლოს წინაშე მან აღიარებითი ჩვენება კიდევ ერთხელ დაადასტურა. იგი იზიარებს სრულ პასუხისმგებლობას და ყველა დაზარალებულს ბოდიშს უხდის. ამბობს, რომ არის რეჟიმის მსხვერპლი", - განაცხადა ადვოკატმა.
დღევანდელი წინასასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. ბრალდებულების, ვლადიმერ ბედუკაძის, ბორის ფარულავასა და ლევან ფხალაძის ადვოკატის, ელზა ჯმუხაძის განცხადებით, სასამართლო პროცესი მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე დაიხურა.
"მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე მიიღო, რომ პროცესზე განიხილება გაუპატიურების ფაქტები, თუმცა, ეს მიზეზი არ არის. პროცესის მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და პროცესის დახურვის მიზანია საზოგადოება მოექცეს ინფორმაციულ ვაკუუმში. თუკი ბაჩო ახალაიას პროცესი გახსნილია, ვფიქრობ, რომ ეს პროცესიც უნდა იყოს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი", - განაცხადა ელზა ჯმუხაძემ.
ადვოკატის თქმით, მომდევნო წინასასამართლო სხდომაზე იგი აპირებს დააყენოს შუამდგომლობა ფარულავასა და ფხალაძის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ.
"ორივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესი. ეს ადამიანები არიან ადეიშვილის პირადი პატიმრები იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ციხეში არსებული წამების ფაქტების გახმაურებაში დაეხმარნენ ვლადიმერ ბედუკაძეს და სწორედ ამის გამო ისჯებიან. რეალურად კი, არც ერთი მათგანი არ არის დამნაშავე იმაში, რასაც აბრალებენ", - აღნიშნა ელზა ჯმუხაძემ.