სახელმწიფო ქონების გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებულები არიან დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე თამაზ მღებრიშვილი და ამავე სამინისტროს საწარმოთა მართვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი აბესალომ გურგენიძე. ასევე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულია ორი პირი, შპს „ლემისე კომპანი"-ს მფლობელები ლუხუმ კაპანაძე და სერგი კაკალაშვილი, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან მიმალვაში.
გამოძიებამ დადგინა, რომ სს „ბათუმის ქიმიურ - ფარმაცევტული ქარხნის" დაუფლების მიზნით, რომლის 76%-ს ფლობდა სახელმწიფო, ბრალდებულები ლ.კაპანაძე და ს. კაკალაშვილი დანაშაულებრივად გაურიგდნენ თ. მღებრიშვილს და ა.გურგენიძეს. მათ ერთად შეიმუშავეს გეგმა, რომლის მიხედვითაც აღნიშნული კომპანია, გაკოტრებულად გამოცხადდა, რის შემდეგაც ქარხნის საწესდებო კაპიტალში არსებული 4 344 856 ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება , შპს „ ლემისე კომპანიას" 1 111 000 ლარად გადაეცა. აღნიშნული ქმედებით სახელმწიფომ 3 233 856 ლარი იზარალა.
გამოძიების მსვლელობისას ასევე გამოიკვეთა სერგი კაკალაშვილისა და ლუხუმ კაპანაძის მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულებრივი ქმედება. მათ ქონების გადამალვისა და კრედიტორის წინაშე ქონებრივი ვალდებულებებისგან თავის არიდების მიზნით, შპს „ბათოილის," რომლის მფლობელებიც თავად იყვნენ, დორექტორთან პაატა დათიშვილთან ერთად, რამდენიმე საწარმოსთან გააფორმეს მოჩვენებითი გარიგება და „ბათოილის" ქონება მათზე გადააფორმეს. აღნიშნულის საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა პაატა დათიშვილი დააკავეს.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332 - მუხლის პირველი ნაწილით, 182 - ე მუხლის მეორე ნაწილით და მესამე ნაწილით, ასევე 2051 - ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 11 წლამდე ვადით.
მასალის გამოყენების პირობები