ხვალ, 28 თებერვალს, 11:00 სათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძის, ზურაბ შამათავას და მათთან ერთად ბრალდებული კიდევ ხუთი პირის წინასასამართლო პროცესი გაიმართება .
სხდომის თავმჯდომარეა მოსამართლე ეკა არეშიძე.
სხდომაზე განიხილება შუამდგომლობები მტკიცებულებების დასაშვებობის თაობაზე.
წინა სასამართლო სხდომაზე, რომელიც 20 თებერვლს გაიმართა ბრალდების მხარემ მტკიცებულებების სახით 200-ზე მეტი დაზარალებულისა და მოწმის დაკითხვის შუამდგომლობა წარადგინა.
პროცესის დასაწყისში დაცვის მხარემ, კერძოდ ბაჩო ახალაიას ადვოკატმა, დავით დეკანოიძემ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა, რომ წინასასამართლო პროცესზე ვიდეო და აუდიო გადაღების დასაშვებლობის შესახებ, მოტივად კი დეკანოიძემ საზოგადოების მაღალი ინტერესი დაასახელა, თუმცა ბრალდების მხარე შუამდგომლობას არ დაეთანხმა, მოსამართლემ კი შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და პროცესზე აუდიოჩაწერა დაშვებული იყო.
შეგახსენებთ, რომ მთავარ პროკურატურაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება გასული წლის ნოემბრის თვეში, ხელისუფლებაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ დაიწყო. ზემოხსენებული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით.
პროკურატურის მტკიცებით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2011 წლის ოქტომბერში თავდაცვის მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ, თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის უფროს გიორგი კალანდაძესთან და მე-4 ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავასთან ერთად, თავდაცვის მინისტრის სამუშაო კაბინეტში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 6 სამხედრო მოსამსახურეს. ამასთან. ბაჩანა ახალაიამ ერთ-ერთ სამხედრო პირს - შოთა ბედოშვილს - დანის ტარი თავში ჩაარტყა.
აღნიშნულის შემდეგ ბაჩანა ახალაიამ ზემოაღნიშნული სამხედრო მოსამსახურეები ვაზიანში დისლოცირებულ მე-4 ბრიგადაში გადაიყვანა. აქ, ბრიფინგის ოთახში მათ კვლავ სცემეს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამის შემდეგ დაზარალებულთა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა გაგრძელდა მე-4 ბრიგადის პირადი შემადგენლობის, დაახლოებით 20-30 კაცის წინაშე, ეზოში (ე.წ. „პლაცზე") მოწყობილი სამხედრო მოსამსახურეების თვალწინ.
გატარებული ღონისძიებების შედეგად დაკავებული იქნენ ბაჩანა ახალაია, ზურაბ შამათავა და გიორგი კალანდაძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით. კალანდაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გადახდა, ხოლო ახალაიას - წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
.