საქართველოს მთავარი პროკურორის ბრძანებით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც პროკურორებისა და გამომძიებლებთან დაკავშირებულ საჩივარ-განცხადებებს განიხილავს.
როგორც მთავარი პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე პროკურატურაში პროკურორების და გამომძიებლების წინააღმდეგ შემოსულია1500-მდე საჩივარი. აღნიშნულ სპეციალურ ჯგუფს, კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევებში გამოძიების წარმოების უფლებამოსილება მიენიჭება.
სამუშაო ჯგუფი საქართველოს მთავარი პროკურატურისა და თბილისის პროკურატურის ახლადდანიშნული პროკურორებითა და გამომძიებლებით დაკომპლექტდა. 12 წევრიანი სამსახური უკვე შეუდგა პროკურატურის მუშაკთა საქმეების შესწავლას .
გამოძიების წარმოებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება დაევალა საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობის კონტროლისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს.