დათო პაიჭაძის აგარაკის მძარცველები დააკავეს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეო-მასალაში ჟურნალისტი დავით პაიჭაძე ყვება, მას მოპარული მაცივარი დაუბრუნდა.
"აღნიშნულის შესახებ მე შევიტყვე იანვრის ბოლოს, 28 იანვარს მგონი. თუმცა მოგვიანებით დადგინდა, რომ ქურდობა განხორციელებული იყო 2 კვირით ადრე. ყველაზე მსხვილი რაც წაღებული იყო, ეს იყო მაცივარი. თუმცა დაკარგულია კიდევ რამდენიმე საოჯახო ნივთი. 4 კვირის თავზე უკვე "ჩემი ექო ჩემთანაა", ანუ მაცივარი დამიბრუნდა"- აცხადებს დავით პაიჭაძე.
დაზარალებული ნანული ტარიკაძე ასევე აცხადებს, რომ მოპარული ნივთები მასაც დაუბრუნდა.
"მანგლისის პოლიციამ 21:00 საათზე შეგვატყობინა, რომ გაიქურდა ჩვენი აგარაკი. მე და ჩემი მეუღლე ამოვედით, და ვნახეთ, რომ საოჯახო ნივთები იყო დაკარგული, მათ შორის მაცივარი და სერიოზული ნივთები. 1983 წლიდან მოყოლებული ასეთი შემთხვევა არ ყოფილა - ამლევის აგარაკები ბევრჯერ გაქურდულა, მაგრამ დანაკარგი არასოდეს არ დაბრუნებია პატრონს. ჩემი აგარაკი 3-ჯერაა გაქურდული და ეს იყო პირველი შემთხვევა, თეთრიწყაროს პოლიციამ გაკეთა ყველაფერი და დაკარგული ნივთები დაგვიბრუნეს"- აცხადებს ნანული ტარიკაძე.
შსს-ს ინფორმაციით, ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი: ხვიჩა ბ, დავით შ, როინ ბ. და გიორგი ჯ. თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ამლევში 12 აგარაკის გაქურდვისათვის დააკავეს.
სამართალდამცველებმა ორი მათგანი ერთ-ერთი აგარაკის გაქურდვის დროს, შემთხვევის ადგილზე დააკავეს, ხოლო ორი - ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად.
ნაქურდალი საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთების ნაწილი ამოიღებულია და პატრონებს დაუბრუნეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „გ" პუნქტებით მიმდინარეობს, რაც 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.