თბილისის საქალაქო სასამართლოში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილ მინისტრს ლადო ვარძელაშვილს, ვახტანგ ბიჭაშვილსა და ზვიად ქავთარაძეს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდეს. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ვარძელაშვილს 3 ათასი ლარის, ბიჭაშვილს 6 ათასი ლარის, ხოლო ქავთარაძეს 15 ათასი ლარის გირაო შეუფარდა. მათ გირაო 15 დღის ვადაში უნდა დაფარონ და თანხის გადახდისთანავე გათავისუფდებიან.
22 თებერვალს ლადო ვარძელაშვილის სახლში მისი მეგობრები იყვნენ შეკრებილი. ვარძელაშვილმა ისინი იარაღის კოლექციის დასათვალიერებლად გვერდით ოთახში გაიყვანა. იარაღის ნახვისას ზვიად ქავთარაძეს „ტეტე" -ს სისტემის პისტოლეტი გაუვარდა და ტყვია მოპირდაპირედ მდგარ დევი სირაძეს გულ-მკერდის არეში მოხვდა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ქავთარაძე დანაშაულს აღიარებს. გამოძიებით დადგინდა, რომ იარაღი რეგისტრირებული იყო ლადო ვარძელაშვილის ნათესავის სახელზე, რომელმაც 2010 წელს აღნიშნული პისტოლეტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილ მინისტრს აჩუქა.