შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ძარცვის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს.
დაკავებულებმა, 2013 წლის 19 თებერვალს, გორის რაიონის სოფელ ტყვიავში, მოქალაქე ყარამან გიგუაშვილს ბინიდან დაახლოებით 1000 ლარი გასტაცეს. სამართალდამცველებმა ისინი დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღესვე დააკავეს.
ბრალდებულები აღნიშნულ ძარცვასთან ერთად, მათ მიერ წარსულში ჩადენილ ორ ყაჩაღობასაც აღიარებენ. კერძოდ, 2012 წლის 19 ნოემბერსა და 31 დეკემბერს ნიღბებითა და ცეცხლსასროლი იარაღით ქარელსა და კასპში „გალფი"-ს ბენზინგასამართი სადგურების დაყაჩაღებისას საერთო ჯამში 30 000 ლარი და მობილური ტელეფონები გაიტაცეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ამოიღეს: „მაკაროვი"-ის ტიპის ცეცხლსასროლი პისტოლეტი მჭიდითა და 4 ვაზნით, „ა-კა-ემ"-ის სისტემის 285 საბრძოლო ვაზნა, კარაბინის 138 ვაზნა, ტყვიამფრქვევის 10 ლენტი, 3 სანადირო თოფი, „ემ-4"-ის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 4 მჭიდითა და 120 ვაზნით, „ა-კა-ეს"-ის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 2 მჭიდითა 84 საბრძოლო ვაზნით.
საქმე სსსკ-ს 178-ე მუხლის (ძარცვა) მე-3 ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის (ყაჩაღობა) მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) 1-ლი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს.