ჯოზეფ ქეიმ მისცა ჩვენება სადაც წერია, რომ "ტელეიმედის" მართვასთან დაკავშირებული საკითხები შეთანხმებული იყო საქართველოს პრეზიდენტთან მისი უშუალო და პირდაპირი შეხვედრის შედეგად. ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა გადაცემა "ღია ეთერშ" განაცხადა და დასძინა, რომ არ არის გამორიცხული "იმედის" საქმეზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოწმის სტატუსით დაიკითხოს.
"ჯოზეფ ქეის განმარტებით, ის საქართველოში ჩამოვიდა იმისთვის, რომ დაერეგულირებინა გამწვავებული ურთიერთობა პატარკაციშვილსა და ხელისუფლებას შორის. მისი ჩვენებით, ის ჯერ კიდევ ბადრი პატარკაციშვილის სიცოცხლეში, 2008 წლის იანვარში ჩამოვიდა საქართველოში და გამართა მოლაპარაკებები საქართველოს პრეზიდენტთან", - განაცხადა კბილაშვილმა.
მისი თქმით, ჯოზეფ ქეის ჩვენებიდან გამომდინარე, ის ადასტურებს, რომ "ტელეიმედის" მართვასთან დაკავშირებული საკითხები შეთანხმებული იყო საქართველოს პრეზიდენტთან მისი უშუალო და პირდაპირი შეხვედრის შედეგად.
"შესაძლებელია, რომ გამოძიების მიმდინარეობის კვალობაზე ამ საკითხის გამორკვევის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტი მოწვეული იყოს მოწმედ", - აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.
კბილაშვილის თქმით, ქეის და მიხეილ სააკაშვილს შორის სატელეფონო საუბარი დეკემბერში შედგა, როდესაც გადაწყვეტილება იყო მიღებული "ტელეიმედის" დათმობის შესახებ .
მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, რომ მრავალი მტკიცებულებაა იმისთვის, რომ "იმედის" საქმეში თბილისის მერს ბრალი წარედგინოს.
"მრავალი მტკიცებულებაა იმისთვის, რომ გიგი უგულავას ბრალი წარედგინოს. არის მოწმეთა ჩვენები, არის ფაქტობრივი გარემოებების დამდასტურებელი დოკუემნტები, ხელშეკრულებები, თანხის გადარიცხვის დამდასტურრებელი დოკუემნტები და მრავალი სხმა რამ, რაც ადასტურებს, რომ სახეზე გვაქვს თანხების მითვისება, გაფლანგვა. შემიძლია დავადასტურო, რომ საინფორმაციო პოლიტიკას მართავდა გიგი უგულავა, ხოლო აფინანსებდა კეზერაშვილი. ამასთან დაკავშირებით გვაქვს ჯოზეფ ქეის, მოწმის ჩვენება, სადაც ის დეტალურად აღწერს როგორ ხდებოდა 2008 წლის იანვრიდან ამავე წლის დეკემბრამდე. ჯოზეფ ქეი ამბობს, რომ დროის ამ პერიოდში, როდესაც ის ითვლებოდა "იმედის" მესაკუთრედ, სინამდვილეში მესაკუთრის უფლებამოსილებებს ვერ ახორციელებდა და სარედაქციო პოლიტიკას განსაზღვრავდა, ხოლო ფინანსური მხარდაჭერა უნდა შეესრულებინა დავით კეზერაშვილს, თუმცა ქეის ჩვენებით, ის ამას არ ასრულებდა და თვითონ უწევდა საოპერაციო ხარჯების გაღება 2008 წლის განმავლობაში. ამან მისი ინფორმაციით, 11 მილიონი დოლარი შეადგინა", - განაცხადა კბილაშვილმა.