შსს ლადო ვარძელაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილ მინისტრთამ ერთად დაკავებული არიან ზვიად ქავთარაძე და ვახტანგ ბიჭაშვილიც. „გამოძიებამ დაადგინა, რომ 2013 წლის 22 თებერვალს, ღამით, დაკავებულები მეგობრებთან ერთად, ნუცუბიძის ქუჩაზე, ვლადიმერ ვარძელაშვილის საცხოვრებელ ბინაში სტუმრად იმყოფებოდნენ. ვლადიმერ ვარძელაშვილმა საკუთარი იარაღის კოლექციის დასათვალიერებლად მეგობრები გვერდით ოთახში გაიყვანა. მან ზვიად ქავთარაძეს საჩვენებლად „ტეტე"-ს სისტემის პისტოლეტი მიაწოდა, რა დროსაც ამ უკანასკნელს იარაღი გაუფრთხილებლობით გაუვარდა და ტყვია მოპირდაპირედ მდგარ დევი სირაძეს გულ-მკერდის არეში მოხვდა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ზვიად ქავთარაძე ჩადენილ დანაშაულს აღიარებს,"- ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, შსს აღნიშნავს, რომ იარაღი რეგისტრირებული იყო ვლადიმერ ვარძელაშვილის ნათესავის სახელზე, რომელმაც 2010 წელს აღნიშნული პისტოლეტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილ მინისტრს საჩუქრად გადასცა.
მასალის გამოყენების პირობები