ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომასალა მონტაჟია. ამის შესახებ განცხადება სპეციალურ ბრიფინგზე, დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის აუდიო და ვიდეოჩანაწერების ექსპერტ ფონოსკოპისტმა, მარიკა ტოკლიკიშვილმა გააკეთა.
"მასალაში ერთი შეხედვითაც კი ჩანს რამდენიმე მნიშვნელოვანი ცდომილება, რაც მიანიშნებს, რომ მასალა უწყვეტი არ არის. პირველი უზუსტობა იკვეთება იმ მომენტში, როცა ისმის გასროლის ხმა. ამ დროს იარაღი აღმართულია მაღლა და შეუძლებელია, ასეთი ტრაექტორიით გასროლილი ტყვია ვინმეს მოხვედროდა. ამ მომენტში კი ხმა და კადრი ერთმანეთს არ ემთხვევა. მონტაჟი ვლინდება მასალის მე-11 წამზეც - ამ დროს კადრი გაჭრილია და მისი ცვლილება ხდება. მასალას კი გასდევს სპეციალურად დადებული ფონური ხმაური. გარდა ამისა, პოლიციელების ქცევა არაადეკვატურია, აშკარაა, რომ მათი რეაქციები არ ჰგავს რეალურად აფექტში მყოფი ადამიანის ქცევას. პოლიციელები კი რეალურად კამერაზე მუშაობენ", -აცხადებს ექსპერტი.