საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „კარიტასი" საქართველოში 90-იანი წლებიდან ფუნქციონირებს და მოსახლეობისთვის სასარგებლო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. „კარიტასის" საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სოციალური პროგრამებია, რომელიც მოსახლეობის სოციალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას ისახავს მიზნად.
ორგანიზაცია მეორე წელია აქტიურად თანამშრომლობს თბილისის მერიასთან. მიმდინარე წელს მერიის ბიუჯეტიდან 50 000 ლარი გამოიყო, რათა „კარიტასის" წარმომადგენლებმა, რომელთა შემადგენლობაში კვალიფიციური ექიმები, ექთნები და სოციალური აგენტები შედიან, სოციალურად დაუცველ, მარტოხელა მოხუცებს საჭირო დახმარება აღმოუჩინონ.
დღეს თბილისის მერი გიგი უგულავა „კარიტასის" წარმომადგენლებთან ერთად, სოციალურად დაუცველ პენსიონერ დოდო ჯოხაძეს ეწვია. ქალბატონ დოდოს ინსულტი აქვს გადატანილი და შესაბამისად ექიმისა და ექთნის მეთვალყურეობა ესაჭიროება. გიგი უგულავა სოციალურად დაუცველ ქალბატონს პროექტის მნიშვნელობაზე ესაუბრა და მას გამოჯანმრთელება უსურვა.