„დევნილთა დახმარება მსოფლიო ბანკის პრიორიტეტია და მსოფლიო ბანკი აპირებს დაეხმაროს დევნილთა სამინისტროს სამოქმედო გეგმის განხორციელებაში" - ამ შეთანხმებით დასრულდა დევნილთა მინისტრის დავით დარახველიძის და მინისტრის პირველი მოადგილის გოგი ფაცაციას შეხვედრა მსოფლიო ბანკის დელეგაციასთან.
დავით დარახველიძემ დღეს მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების სექტორის დირექტორს ლასლო ლოვეისს (ვაშინგტონიდან), რეგიონალურ დირექტორს - ჰენრი კერალის და მდგრადი განვითარების სექტორის კოორდინატორს საქართველოში აჰმედ ეივეიდას უმასპინძლა. დელეგაციის წევრებმა მინისტრისგან დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და მათი ძირითადი საჭიროებების შესახებ სრული ინფორმაცია მიიღეს.
სტუმრები დაინტერესდნენ რა პრობლემების წინაშე დგანან დევნილები და რა ძირითადი გამოწვევები გააჩნია დევნილთა სამინისტროს. როგორც დავით დარახველიძემ აღნიშნა, ძირითადი პრობლემა და გამოწვევა დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაა. მინისტრმა სტუმრებს დევნილი მოსახლეობის სტატისტიკაც წარუდგინა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების გადაუდებელი აუცილებლობა 40 000 დევნილ ოჯახს გააჩნია.
„90 000 დევნილი ოჯახიდან საცხოვრებელი ფართი 25 000 ოჯახს გააჩნია. აქედან 14 000 ოჯახს ფართი დაუკანონდა სიმბოლურა ფასად - 1 ლარად. დანარჩენი 65 000 ოჯახიდან ზუსტი მოანაცემები არ გაგვაჩნია, რამდენია კერძო სექტორში მაცხოვრებელი. აღნიშნულ საკითხზე ვმუშაობთ და შემოდგომისთვის სრული სურათი გვექნება. მნიშვნელოვანია, რომ 40 000 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართის გადაუდებელი საჭიროება გააჩნია. შესაბამისად, ჩვენ დავისახეთ ამბიციური გეგმა - აღნიშნული პრობლემა 4 წლის განმავლობაში მოვაგვაროთ" - აღნიშნა ოკუპირებული ტერიტორიებიფდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ დელეგაციასთან შეხვედრისას.
მინისტრმა საცხოვრებელი ფართის გარდა, სხვა პრობლემებსა და საჭიროებებზეც ისაუბრა. როგორიცაა დასაქმება, პრობლემები ჯანდაცვის თუ უმაღლესი განათლების მიღების კუთხით.
როგორც მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა ჰენრი კერალიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა იყო და მსოფლიო ბანკის დევნილთა სამინისტროსთან თანამშრომლობის პრიორიტეტი დევნილთა განსახლება და დასაქმების ხელშეწყობა იქნება.