საქართველოს პროკურატურას რუსეთიდან ჯერ ჯერობით გივი თარგამაძესთან დაკავშირებით არავითარი დოკუმენტაცია არ მიუღია. საგენტო "ჯი-ეიჩ - ენთან" საუბარში გენერალური პროკურატურის პრესამსახურის უფროსი ხათუნა პაიჭაძე აცხადებს, რომ ჯერ ჯერობით ძნელია იმის თქმა დაინტერესდება თუ არა პროკურატურა ამ საქმით ვინაიდან ჯერ რუსეთიდან არავითარი დოკუმენტაცია ამ საქმესთან დაკავშირებით არ მისულა.
"ჩვენთან ჯერ არავითარი დოკუმენტაცია არ მოსულა. ხოლო რაც შეეხება გივი თარგამაძის შესაძლო გადაცემას რუსეთის ფედერაციისათვის ეს ყოვლად დაუშვებელია.
საქართველოს მოქალაქის სხვა ქვეყანისთვის გადაცემა არ შეიძლება", _ აცხადებს ხათუნა პაიჭაძე "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა გივი თარგამაძეზე ძებნა გამოაცხადა. უახლოეს მომავალში კი სასამართლო დაუსწრებლად მისი დაპატიმრების გადაწყვეტილებასაც გამოიტანს.
რუსეთის მთავარი საგამოძიებო სამმართველოს საგამოძიებო კომიტეტის მიერ გამოტანილი დადგენილების თანახმად საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე ბრალდებულადაა აღიარებული რუსეთის ფედერაციაში არეულობების მომზადების საქმეზე. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.
მას ბრალად ედება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სერგეი უდალცოვთან, ლეონიდ რაზვოჟაევთან, კონსტანტინე ლებედევთან და სხვა პირებთან ერთად მასობრივი არეულობების ორგანიზება.