მევახშეებს მკაცრი სამართლებრივი რეგულაცია დაუწესდებათ. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თბილისში, დიპლომატიურ კორპუსთან და მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა სადაც უწყების სამთვიან საქმიანობაზე ისაუბრა.
"დღეს ეროვნულ ტრაგედიად არის ქცეული იმ ოჯახების საკუთარი საცხოვრებლებიდან გასახლება, რომელთაც საცხოვრებელი სახლები იპოთეკით ჰქონდათ დატვირთული, მაგრამ ვალი ვერ გადაიხადეს", - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, მესაკუთრეთა გასახლება იუსტიციის სამინისტროს ყველაზე მტკივნეული თემაა.
"ამგვარი შემთხვევების შესამცირებლად მუშაობა ორი მიმართულებით დავიწყეთ. უპირველესად, იპოთეკის არსზე მოსახლეთა ცნობიერება უნდა ამაღლდეს. რამდენიმე დღეში ტელეარხებზე გავრცელდება სარეკლამო რგოლი, რომელიც იმ უბედურებას წარმოაჩენს, რასაც ოჯახის ბინიდან გასახლება ჰქვია. სარეკლამო რგოლი მოუწოდებს მოქალაქეებს, ათასჯერ დაფიქრდნენ, ვიდრე ბინის იპოთეკით დატვირთვით ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს. მეორე მხრივ, მევახშეებს დაუწესდებათ მკაცრი რეგულაცია, რათა სხვადასხვა ხელშეკრულების გაფორმება არ იყოს ისეთი ადვილი, როგორიც დღეს არის", _ განაცხადა თეა წულუკიანმა.