გიგი უგულავა სასამართლოს რვა თებერვალს მომხდარი ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას გადაუგზავნის, _აღნიშნულის შესახებ "პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში სტუმრობისას ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ გიგი უგულავას დაკითხვაზე დაბარების კომენტირებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ სასამართლო თუ გადაწყვეტს რომ უგულავა უნდა მივიდეს შსს-ში ის აუცილებლად მივა.
მისივე განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების პროკურატურაში დაბარება უმცირესობის წარმომადგენელთა დაშინებას ისახავს მიზნად.
"ნაციონალური მოძრაობის ლიდერების დაბარება პროკურატურაში უმცირესობის დაშინებას ისახავს მიზნად. ქალაქის მერი გიგი უგულავა უარს დაკითხვაზე არ ამბობს, ის შსს-ში მისვლას არ აპირებს, რადგანაც ჩვენ არ ვაპირებთ მივიღოთ მონაწილეობა იმ ობიექტურ რეალობაში რომელსაც ცდილობს დახატოს შსს მინისტრი და დღევანდელი ხელისუფლება. ისინი ცდილობენ დაამტკიცონ ის რომ პროვოკატორი "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებობდა. ეს არის აბსურდი რადგანაც იქ მყოფი აქციის ორგანიზატორები იგივე მელორ ვაჩნაძე და სხვები მითითებებს ტელეფონის მეშვეობით იღებდნენ. ირაკლი ღარიბაშვილს კი ტაშით შეეგებნენ", _განაცხადა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავა ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში რვა თებერვალს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოწმის სახით დაკითხვაზეა დაბარებული, თუმცა ქალაქის მერი დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს.