ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი და და ამჟამად კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადდა. როგორც ჟურნალისტებთან დაკითხვის დაწყებამდე ჭიაბერაშვილმა განაცხადა ის მთავრობას მოუწოდებს მათი დაკითხვის ნაცვლად სამუშაო ადგილების შექმნაზე იზრუნოს.
,,ჩემი დაკითხვა ეხება სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამას. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ დაკითხვაზე გვატარონ ახალ მთავრობას კარგი საშუალება აქვს, რომ აიღონ უმუშევარი ადამიანების მონაცემთა ბაზა და იზრუნონ სამუშაო ადგილების შექმნაზე", -განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა და აღნიშნა, რომ ის მზადაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან.
შეგახსენებთ, რომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე ასევე დაბარებულია ,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ივანე მერაბიშვილი. პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება ოცდაერთი ათასი მოქალაქის ფიქტიური დასაქმების საკითხს, რომლებიც სოციალური პროგრამის ფარგლებში დასაქმდნენ და მათ საქართველოს 25 ქალაქში სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვა ევალებოდათ.
პროკურატურის მტკიცებით, ასეთი სამუშაო სინამდვილეში არ ჩატარებულა და ხელფასი მათ "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო მხარდაჭერაში მიიღეს.
21000 სოციალურ აგენტს სექტემბრის თვეში ხელფასის სახით კაცზე 240 ლარი ჩაერიცხა. სულ კი ამ პირებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დარიცხულია 5 მილიონზე მეტი ლარი.
ზურაბ ჭიაბერაშვილი მზად არის მივიდეს დაკითხვაზე და გამოძიებას სრული ინფორმაცია მიაწოდოს. ის ქუთაისის პროკურატურაში დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით არის დაბარებული.
ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ უმუშევრობა საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა და ის "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ყოველთვის ხელმძღვანელობდა ამ პრობლემის გადაჭრას.
ჭიაბერაშვილის განმარტებით, მათ იმედი ჰქონდათ, რომ ახალი მთავრობა მათ დასასაქმებელთა მონაცემთა ბაზას გამოიყენებდა იმისათვის, რომ ეზრუნათ საქართველოს მოქალაქეების დასაქმებაზე, თუმცა მათ გვერდზე გადადეს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შექმნილი ბაზა და დასაქმების სამინისტროს გაუქმებასაც აპირებენ.
ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკითხვაზე დაბარებას პოლიტიკურ პროცესად აფასებს მიხეილ სააკაშვილი.
პრეზიდენტის თქმით, საგამოძიებო სტრუქტურებში დაბარებით ხელისუფლება ოპოზიციას ვერ შეაშინებს. ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ წაყენებული ბრალდებები პრეზიდენტისთვის გაუგებარია. მიხეილ სააკაშვილმა გასულ წლებში კორუფციის კუთხით არსებული ვითარებაც გაიხსენა და განაცხადა, რომ საქართველო ევროპაში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით ნომერ პირველი ქვეყანა იყო.