დღეს, დილით, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდში ჩავიდა. მან მრავალპროფილურ საავადმყოფო "რესპუბლიკა"-ში დაჭრილი პოლიციელი, ლეიტენანტი დავით ქვარაია მოინახულა.
შსს სამინისტროს ინფორმაცით, მინისტრმა მას სამახსოვროდ ,,გლოკის" ტიპის პისტოლეტი გადასცა.
ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვარაია ღირსეული პოლიციელია. - "დათო არის სამაგალითო პოლიციელი. ასე უნდა იქცეოდეს პოლიციელი. მან სახლში დაბრუნებისას შენიშნა, რომ 3-4 ახალგაზრდა ხმამაღლა საუბრობდა. მივიდა, გაერკვია, არ დარეკა და არ გამოიძახა ჯგუფი, მოუწოდა მათ სიმშვიდისკენ და ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მოხდა ის, რაც ვნახეთ", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
დავით ქვარაია ზუგდიდის ბულვარში, 12 თებერვალს, მოქალაქე ნექტარ ბ-მ დაჭრა. მას შემავალი ჭრილობა ბასრი საგნით ჰქონდა მიყენებული. ბრალდებული სამართალდამცავებმა დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები