შსს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება.
დონაძე საგამოძიებო უწყებაში ადვოკატებთან ერთად მივიდა და ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ის მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს და ყველა შეკითხვას პასუხი გასცეს.
,,დღეს, სავარაუდოდ ჩემი მხრიდან ჩვენება სრულყოფილი არ იქნება რადგან ჯერ კიდევ მოძიების პროცესში ვარ იმ მასალების, რომელიც ამ საქმესთან არის კავშირში", -განაცხადა დონაძემ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილ უფროსს გურამ დონაძეს პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენა, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. როგორც ჟურნალისტებთან დონაძის ადვოკატმა კახა შონიამ განმარტა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ბრალის წარდგინება ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით მოხდა. მას შემდეგ რაც გურამ დონაძე საქართველოში ჩამოსვლისთანავე დააკავეს იგი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 9 თებერვალს, 25 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა.