საქალაქო სასამართლო მიხეილ მესხისა და მელორ ვაჩნაძის საქმესთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული ,, 2013 წლის 9 თებერვლის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილებით, მიხეილ მესხი და მელორ ვაჩნაძე ცნობილ იქნენ სამართალდამრღვევებად წვრილმანი ხულიგნობის ჩადენის ფაქტზე და მათ ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრათ ჯარიმა 100-100 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2013 წლის 9 თებერვალს შს სამინისტროს ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების მიერ, წარმოდგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმები მიხეილ მესხისა და მელორ ვაჩნაძის მიმართ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე (წვრილმანი ხულიგნობა) და არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს სამართალდამცავი ორგანოებისათვის წინააღმდეგობის გაწევას.
სამართალდარღვევის ოქმების განხილვისას, მხარეების მიერ სასამართლო სხდომაზე არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულების სახით ვიდეო და აუდიო მასალა, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების ახსნა-განმარტებებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით ჩადენილი წვრილმანი ხულიგნობა მიხეილ მესხისა და მელორ ვაჩნაძის მიერ გამოიხატა საზოგადოებრივ ადგილებში მხოლოდ ლანძღვა-გინებით, ასევე სასამართლოს მიერ დაკითხულ იქნა 8 მოწმე, რომელთა ჩვენების საფუძველზეც აღნიშნული პირები ცდილობდნენ სიტუაციის ადგილზე განმუხტვას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იმსჯელა და დადასტურებულად მიიჩნია წვრილმანი ხულიგნობის ჩადენის ფაქტი და გამოიყენა ადმინისტრაციული სახდელი ჯარიმა , რომლის მაქსიმალური ოდენობა, 166-ე მუხლის შესაბამისად შეადგენს 100 ლარს", _ნათქვამია განცხადებაში.