11-13 თებერვალს, ქ. ბაქოში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის (Euronest PA) ენერგო უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც ევრო-პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა) წარმომადგენლებს შორის განიხილება და მიიღება კომიტეტის ხედვა ენერგო პოლიტიკის სფეროში.
საქართველოს ენერგო უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის საფინანო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, რომელიც არის ენერგო უსაფრთხოების კომიტეტის ვიცე თანათავმჯდომარე და, ასევე, - ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ენერგო უსაფრთხოების კომიტეტის პოზიციის ხედვის თანამომხსენებელი.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას (Euronest PA) ფარგლებში მუშავდება და მიიღება მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რაც გავლენას ახდენს ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყნებში უმნიშვნელოვანესი ენერგო პროექტების განხორციელებაზე. მათ შორის ბაქოს შეხვედრა ძალზე საყურადღებოა სამხრეთის დერეფნის ინიციატივის ფარგლებში ტრანს-კასპიური-შავი ზღვის ენერგო პროექტების მხარდაჭერის თვასაზრისით.
ქართული მხარის პოზიცია ასახულია კომიტეტის ხედვის ტექსტში. ეს ტექსტი იქნება ქვეყნებს შორის განხილვისა და მსჯელობის საგანი ბაქოს შეხვედრაზე.
კომიტეტის სხდომის გახსნას დაესწრებიან: აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი; აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ო. ასადოვი; ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ენერგო უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე მ. რენდორფი; აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი, ელჩი, როლანდ კობია; ევროპარლამენტის წევრები, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრები და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების წევრები.