კანონის წინაშე პასუხს აგებენ. როგორც პროვოკაციის ინიციატორები, ასევე ის ხალხი, ვინც ჩაიდინა ძალადობა, - განაცხადა შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელი მოვლენების შემდეგ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაუშვებს და საფუძველშივე აღკვეთს დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობას.
"არანაირი საფუძველი ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევისა არ არსებობს და საქართველოს პოლიცია ყოველთვის იქნება საკუთარი მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების სრულფასოვანი რეალიზაციის გარანტი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის უსაფრთხოებისთვის გაკეთდა შესაბამისი კორიდორი, რათა ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში უსაფრთხოდ შესულიყვნენ პრეზიდენტი და მოწვეული სტუმრები.
"ჩვენი შეთავაზების მიუხედავად, რომ პრეზიდენტს ესარგებლა ალტერნატიული შესასვლელით, პასუხად მივიღეთ საქართველოს პრეზიდენტის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ მხოლოდ ცენტრალური შესასვლელით ისარგებლებდა. ამის თაობაზე მე პირადად ვესაუბრე უშიშროების საბჭოს მდივანს და იმედი მაქვს, რომ იგი არ უარყოფს ამ ფაქტს", - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ყველასათვის და მათ შორის, უმცირესობისათვის, ცნობილი იყო, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შეკრებას აპირებდნენ უკანასკნელ პერიოდში გათავისუფლებული პოლიტპატიმრები და მათი ოჯახის წევრები, ასევე 26 მაისის და 7 ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს დაზარალებული მოქალაქეები. მისივე თქ მით, მოსალოდნელი ექსცესების თავიდან აცილების მიზნით, პოლიციამ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ დროში შეძლო უზუნველეყო შენობაში ორი ალტერნატიული შესასვლელი.
" უნდა ავღნიშნოთ, რომ ამის შემდეგ, რასაც ახლა მოგახსენებთ, კარგად ჩანს ვიდეოკადრებში როგორ მივიდა შენობასთან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა, რამაც ხალხის პირველი მღელვარება გამოიწვია. პოლიციელების რჩევის მიუხედავად, დაუყონებლივ შესულიყო შენობაში, ის მაინც გარეთ, აქციის მონაწილეებთან დარჩა, რამაც კიდევ უფრო გააღიზიანა დემონსტრანტები.
ამის შემდეგ, რამდენიმე წუთში მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდა თბილისის მერი, ნაციონალური მოძრაობისა და საპარლამენტო უმცირესობის წევრებთან ერთად. კადრებში კარგად ჩანს, რომ დედაქალაქის მერი და მისი თანმხლები პირები (რომელთა შორის სს პასუხისგებაში მიცემული მოხელეებიც იყვნენ), სამწუხაროდ, მოქმდებდნენ, როგორც პროფესიონალ პროვოკატორთა ჯგუფი, რომლებიც მიზანმიმართულად ფიზიკურ კონტაქტზე წავიდნენ იქ შეკრებილ დემონსტრანტებთან, რამაც, როგორც მოსალოდნელი იყო გამოიწვია ისედაც დაძაბული ხალხის უკიდურესი აღელვება და დაიწყო შეხლა-შემოხლა და ფიზიკურა დაზიანდნენ ადამიანები, მათ შორის პოლიტიკოსები.
სიტუაციის ხელოვნურად გართულების შემდეგ მე პირადად მივედი ეროვნული ბიბლიოთეკის შენობასთან და მოვუწოდე დემონსტრანტებს რათა დაუყონებლივ დაშლილიყვნენ და სამართალდამცავი ორგანოებისთვის მათზე დაკისრებული მოვალეობოების შესრულების საშუალება მიეცათ. ამის შემდეგ სიტუაცია განიმუხტა.
საგანგაშოა, როცა აღნიშნული კონფლიქტის გამოწვევას და პროვოცირებას ადგილი ქონდა ქალაქის მერის გიგი უგულავას, ნაციონალური მოძრაობის და საპარლამენტო უმცირესობის წევრების მხრიდან. ჩვენ დავიწყეთ ინციდენტის გამოძიება და პირობას ვიძლევით,რომ კანონის წინაშე პასუხს აგებენ როგორც პროვოკაციის ინიციატორები, ასევე ის ხალხი, ვინც ჩაიდინა ძალადობა", - განაცხადა მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები