საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ეხმიანება და განმარტავს, რომ დავით უსუფაშვილმა მას სასახლეში დარჩენისკენ პრემიერ-მინისტრის დავალებით მოუწოდა. მიხეილ სააკაშვილმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაც გაიხსენა და განმარტა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ჯერ მთავრობის სასახლეში ჩაკეტეს, ხოლო შემდგომ ბუნკერში.
სააკაშვილმა ერთგვარი პარალელი გაავლო და აღნიშნა, რომ მას პრეზიდენტის სასახლეში და მით უმეტეს ბუნკერში ვერავინ ვერ გამოკეტავს.
„მე მინდა მოგიწოდოთ დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც მომიწოდებს, რომ არ გამოვიდე სასახლიდან, პრემიერ-მინისტრის დაკვეთით. ვერავინ ჩამკეტავს ვერც ამ სასახლეში და ვერც ამ სასახლის ბუნკერში. ეს სასახლე შუშისაა და მას ბუნკერები არ აქვს. და იმიტომ არის შუშის რომ გამჭირვალე იყოს ხალხისთვის, გარედან ნახონ აქ რაც ხდება. ჩვენ იმიტომ ვართ აქ, რომ ვიაროთ ყველგან. შევხვდეთ საზოგადოებას, გავაცნოთ ჩვენი პოზიცია და ვიბრძოლოთ უკეთესი საქართველოსთვის"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.