საბაჟო გამშვები პუნქტის, „სარფის" გავლით, 7 თებერვალს, თურქეთიდან 26000 კგ. კარტოფილი შემოვიდა. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის, სანიტარული, ფიტო-სანიტარული და არასატარიფო ღონისძიებების სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ფიტოსანიტარული სასაზღვრო კონტროლის პროცედურების განხორციელების დროს, გაჩნდა ეჭვი კარტოფილის საკარანტინო მავნებლის Synchytrium endobioticum (Schilb) Perc - კარტოფილის კიბოს არსებობაზე. საკარანტინო ობიექტის იდენტიფიკაციისა და დადასტურების მიზნით, აღებულ იქნა ნიმუში და გადაიგზავნა ლაბორატორიაში შემდგომი კვლევისათვის.
სსიპ „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის" ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ანალიზების საშუალებით, დადასტურდა ნიმუშში საკარანტინო მავნებლის Synchytrium endobioticum (Schilb) Perc - კარტოფილის კიბოს არსებობა.
მცენარეთა საკარანტინო მავნებლებით დაავადებული, აღნიშნული კარტოფილი ექვემდებარება განადგურებას ან ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას. აღნიშნულის შესახებ უკვე ეცნობა საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რომელიც ვალდებულია თავის მხრივ, ნოტიფიკაცია გადაუგზავნოს თურქეთის მხარეს.