სისხლის სამართლის ერთსა და იმავე საქმეზე ბრალდებულ პირებს ცალ-ცალკე საკნებში მოათავსებენ. ციხის ადმინისტრაცია ვალდებული იქნება, მიიღოს შესაბამისი ზომები აღნიშნულ პირთა ერთმანეთთან ურთიერთობის დაუშვებლობის უზრუნველსაყოფად.
ცვლილება, რომელიც „სისიხლის სამართლის საპროცესსო კოდექსში" და „პატიმრობის კოდექსში" შედის, დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
მოქმედი კანონმდებლობით, თუ არ არსებობს გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს მიერ სპეციალურად მიღებული გადაწყვეტილება, ერთსა და იმავე საქმეზე ბრალდებულებს ერთად ათავსებენ.
კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განმარტებით, ასეთი პირების ერთად მოთავსება, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეუწონელია, რადგან არსებობს ბრალდებულების ურთიერთშეთანხმების ან ერთი ბრალდებულის მიერ მეორეზე ზეწოლის განხორციელების მაღალი რისკი.
„კოდექსში არსებულ ხარვეზზე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება საქმეზე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ", რომელშიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გმობს მოცემულ საქმეზე ბრალდებული 4 პირის ერთსა და იმავე საკანში მოთავსების ფაქტს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.