ქალაქი სან-პედრო-სულა ჰონდურაში მკვლელობების რაოდენობით ლიდერობს. ამის შესახებ მექსიკური არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საბჭოს, სამართლის და უსაფრთხოების" მოხსენებაშია ნათქვამი. ორგანიზაციამ მსოფლიოს 2012 წლის ყველაზე საშიში 50 ქალაქის რეიტინგი გამოაქვეყნა. სან-პედრო-სულამ უკვე მეორედ დაიკავა პირველი ადგილი, ათი ათას მცხოვრებზე 169 მკვლელობით წელიწადში - აღნიშნულია მოხსენებაში.
როგორც „ვაშინგტონ პოსტი" წერს, რეიტინგში მეორე ადგილი მექსიკურმა კურორტმა აკაპულკომ დაიკავა, ყოველ ასი ათას მცხოვრებზე 128 მკვლელობით. ანალიტიკოსები ამას იმით ხსნიან, რომ ამ ქალაქზე გადის ნარკოტრაფიკის გზა ცენტრალური ამერიკიდან ამერიკის შეერთებული შტატებისაკენ.
სამეულში შევიდა ვენესუელას დედაქალაქი კარაკასი, სადაც 100 ათას მცხოვრებზე 119 მკვლელობა მოდის. მეოთხე და მეხუთე ადგილებზე ჰონდურსის ცენტრალური ოლქი და მექსიკური ტორეონი გავიდნენ.
ექსპერტები ამ ქალაქებში მკვლელობების რაოდენობას ადგილობრივი ხელისუფლების უმოქმედობით ხსნიან. ისინი ხელისუფლებას ურჩევენ აიღონ მექსიკის ქალაქ სიუდად-ხუარესის მაგალითი, რომელიც აშშ-ის საზღვარზე მდებარეობს. 2011 წელს ეს ქალაქი რეიტინგში მეორე ადგილზე იყო, ხოლო 2012 წელს მე-18-ზე გადაინაცვლა, რაც ხელისუფლების და სამართალდამცავი ორგანოების გააქტიურების შედეგია.