ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა საფრანგეთიდან შეიძინა ქართველი სახმედრო და პოლიტიკური მოღვაწის, ჟურნალისტისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, ლეო კერესელიძის ოჯახის პირადი ბიბლიოთეკა.
ბიბლიოთეკა მოიცავს 130-მდე სამეცნიერო თუ მხატვრული სახის წიგნს და გამორჩეულია მინაწერებით. წიგნები "ბანკი რესპუბლიკას" მხარდაჭერით შეიძინეს.
ლეო კერესელიძე 1885-1944 წლებში მოღვაწეობდა. მონაწილეობდა 1905 წ. რუსეთის ჰეგემონიის წინააღმდეგ გამოსვლებში. სახელი გაითქვა თავდასხმებით რუსულ სამხედრო ნაწილებზე და დივერსიებით დუშეთსა და სოხუმში. შემდეგ ევროპაში ცხოვრობდა. 1910-იან წწ. ჩაბმული იყო ჟურნალისტიკაში. 1913-14 წწ. თანარედაქტორობდა ჟენევაში გამომავალ გაზეთს "თავისულფალი საქართველო" რომლის დამფუძნებელი მისი ძმა გიორგი კერესელიძე იყო. იმავე პერიოდში მეცნიერ მიხეილ წერეთელთათან ერთად სათავეში ჩაუდგა "საქართველოს გათავისუფლების კომიტეტს", რომელმაც პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ბერლინში დაიდო ბინა. აქ კერესელიძე თანამშრომლობდა "ქართულ გაზეთში" და მონაწილეობდა "ქართული ლეგიონის" ჩამოყალიბებაში. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების პერიოდში, 1918 წ. მაისში, კერესელიძე ბერლინში იმყოფებოდა. იგი მალევე დაბრუნდა სამშობლოში და მონაწილეობა მიიღო ეროვნული არმიის ჩამოყალიბებაში.
საბჭოთა რუსეთის არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, კერესელიძე ემიგრაციაში წავიდა. საქართველოდან წასვლის შემდეგ ლეო კერესელიძე ცხოვრობდა გერმანიაში, სადაც ჩამოაყალიბა მემარჯვენე-ნაციონალისტური ორგანიზაცია "თეთრი გიორგი" (1924), რომლის მთავარი მდივანი თვითონვე იყო.