თბილისში, ნათლუღის მიმდებარე ტერიტორიაზე სამკერვალო ფაბრიკაში ცეცხლი ლიკვიდირებულია. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ გიორგაძემ განაცხადა, ხანძრის შედეგად მსუბუქად დაშავდა ოთხი ადამიანი.
"სამკერვალო ფაბრიკაში ხანძარი უკვე ჩამქრალია. ხანძარი დაახლოებით 400 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული. ზარალი საკმაოდ დიდია, რადგან ცეცხლი მუშა პროცესის დროს გაჩნდა. კვამლის შედეგად დაშავებულია ოთხი ადამიანი, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გიორგაძემ და აღნიშნა, რომ ხანძრის გამომწვევ მიზეზებს შესაბამისი ორგანოები დაადგენენ.