გია თორთლაძის წინააღმდეგ სახელმწიფო ქონების გასხვისების საქმესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. საუბარია დეოკუპაციის ცენტრისათვის საქართველოს კულტურის სამინისტროდან გადარიცხული თანხების არამიზნობრივად ხარჯვის თაობაზე. ცენტრს გია თორთლაძე ხელმძღვანელობდა.
გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2012 წლის 5 სექტემბერს საქართველოს კულტურის სამინისტროდან პროექტის „საქართველო ოკუპანტების გარეშე" ორგანიზების მიზნით „საქართველოს დეოკუპაციის ცენტრს" ჩაერიცხა 350 000 ლარი, ამავე პროექტის ფარგლებში ცენტრისათვის უსასყიდლოდ და უვადოდ სარგებლობაში გადაცემული იქნა 104 602 ლარად ღირებული ავტომანქანა „ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადო".
„სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონი კრძალავს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში მიმღების მიერ სარგებლობაში გადაცემული სახელმწიფო ქონების გასხვისებას. დეოკუპაციის ცენტრის დირექტორის გია თორთლაძის მიერ იგნორირებული იქნა კანონის აღნიშნული მოთხოვნა და ავტომანქანა „ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადო" 2013 წლის 4 იანვარს გაასხვისა 50 000 აშშ დოლარად. თანხა კი მოიხმარა პირადი მიზნებისთვის.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისიწნებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.