დედ ჰასანის მომხრეებმა საკუთარი გამოძიება დაასრულეს და თავიანთი ლიდერის მკვლელობაში ე.წ. კანონიერი ქურდი როვშან ჯანიევი დაადანაშაულეს. მასა და მისი კლანის წევრებს განაჩენი უკვე გამოუტანეს. ოპონენტების განადგურება უკვე დაწყებულია. მოსკოვში მოკლულია როვშანის "მარჯვენა ხელი" რუფატ ნასიბოვი ზედმეტსახელად რუფო გიანჟანსკი.
რუსული მედიის ინფორმაციით, სამართალდამცავ ორგანოებში არსებული წყაროები იტყობინებიან, რომ დედ ჰასანის მკვლელობის მომენტში როვშან ჯანიევი უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, ხოლო მას შემდეგ რაც დედ ჰასანი მოკვდა, მისი ე.წ. მარჯვენა ხელი მოსკოვში ჩავიდა. მართალია მისი მოსკოვში ყოფნის შესახებ მხოლოდ ადამიანთან ძალიან ვიწრო წრემ იცოდა, მაგრამ როგორც ჩანს ერთ-ერთმა მათგანმა ინფორმაცია მაინც მიაწოდა უსოიანის კლანის წარმომადგენლებს.
მას იმ ბინაში მიაკითხეს სადაც იმალებოდა, დაცხრილეს და ცხედარი გაურკვეველი მიმართულებით ავტომობილით წაიღეს. სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ მის გვამს ისინი უკვე ვეღარ მიაგნებენ. ჯერ ჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად ვინ განახორციელა რუფატ ნასიბოვის მკვლელობა, თუმცა მკვლელობის ადგილიდან მსხვერპლის წაღება ე.წ. კანონიერი ქურდის ნადირ სალიფოვის (ზედმეტსახელად ლოტუ გულუ )"ხელწერაა". ბოლო დროს დედ ჰასანთან ის განსაკუთრებით ახლობლობდა. ერთ ერთ ქურდულ შეკრებაზე მას "კანონიერი ქურდის" ტიტული ჩამოართვეს, თუმცა უსოიანმა მას "ტიტული" "დაუბრუნა". ამავე დროს ნადირ სალიფოვი როვშან ჯანიევის (როვშან ლიანკორანსკი) მოსისხლე მტერია. მართალია, ლოტუ გულუ ამჟამად აზერბაიჯანის ერთ-ერთ ციხეში იხდის სასჯელს, მაგრამ გარეთ და მათ შორის მოსკოვში მისი დაჯგუფების მრავალი წევრი რჩება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ კვირის განმავლობაში დედ ჰასანის კლანის წევრებმა მხოლოდ მოსკოვში უკვე ოთხი ე.წ. ქურდული შეკრება ჩაატარეს. ერთი შეკრება, რომელშიც 20 ადამიანი მონაწილეობდა მოსკოვის ცენტრში რესტორან "ბორფორში" გაიმართა, იქ ძირითადად შეკრებილნი იყვნენ განგსტერერი კრასნოდარის მხარიდან. შეკრებას ე.წ. კანონიერი ქურდი შირალი მუსოიანი, ზედმეტსახელად შიკე ხელმძღვანელობდა. მეორე შეკრება რესტორან "სტარი ფაეტონში" გაიმართა. მასზე დედ ჰასანის კლანში შემავალი თბილისელები იყვნენ შეკრებილნი. ამ შეკრებას ე.წ. კანონიერი ქურდი დათო მასპინძლობდა. ცალკე შეკრება ერთ ერთ რესტორანში "კრიმინალურმა გენერალმა" ვალერი ფარიზოვმა ზედმეტსახელად ვალერა თბილისკიმ ან ვალერა კურთ-მა ჩაატარა. მის შეკრებაზე ძირითადად ქურთი მაფიოზები იყვნენ შეკრებილნი.
ასევე გაიმართა შეკრება რესტორანში "ნაშ დვორ". ამ შეკრებას უსოიანის ნათესავები დიმიტრი ჭანტურია (მირონი) და თემურ მირზოევი (ტიმურ სვერდლოვსკი) თავმჯდომარეობდნენ. სწორედ ისინი ხელმძღვანელობენ ამჟამად მოკლული ასლან უსოიანის კლანს.
სულ ორი კვირის განმავლობაში ჩატარებულ ე.წ. ქურდულ შეკრებებში რამდენიმე ასეულმა ე.წ. ქურდმა და "ავტორიტეტმა" მიიღო მონაწილეობა. ამ შეკრებების დროს განსახილველი იყო მხოლოდ ორი საკითხი - "ვინაა დამნაშავე?" და "რა ვქნათ?". პირველი კითხვის ირგვლივ დიდი გარჩევა არ ყოფილა - მათ მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ ცხადჰყო, რომ ამ დანაშაულის უკან ე.წ. კანონიერი ქურდი როვშან ჯანიევი დგას. ფაქტობრივად ჩატარებულ შეკრებებზე მასა და მისი კლანის წევრებს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.
ლიანკორანსკის აღარ დარჩა არც ერთი ე.წ. მაღალჩინოსანი დამცველი. როვშანი ერთ ერთი ყველაზე მდიდარი ე.წ. კანონიერი ქურდია და ყველას მათ შორის მერაბს (ჯანგველაძე) მხოლოდ იმიტომ სჭირდებოდა, რომ მას დედ ჰასანთან ომი დაეფინანსებინა. უსოაინი უკვე აღარ არის. ლენკორანსკის ფულადმა სახსრებმაც საგრძნობლად მოიკლო ანუ ის უკვე აღარავის აღარ სჭირდება", _ აცხადებს წყარო სამართალდამცავ სტრუქტურებში. მისივე თქმით, თავად მერაბ ჯანგველაძესაც აწყობს რომ როვშანი აღარ არსებობდეს. ასე ასლან უსოიანის კლანი რამდენადმე დამშვიდდება - შურისძირება აღსრულებული იქნება. მერაბს კი შეუძლია კლანის ახალ ლიდერებთან თანაარსებობისათვის ახალი მოლაპარაკებები წამოიწყოს.
რაც შეეხება კითხვას - "რა ვქნათ?" -ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას აზრი ე.წ. კანონიერ ქურდებს შორის გაიყო. კლანის სათავეში მოქცეული "მირონი" ვერ შეძლებს "გაერთიანებული ოპოზიციისათვის" წინააღმდეგობის გაწევას. ის ნასამართლები არ არის და ძალიან შორსაა იმ პოზიციებიდან კრიმინალურ სამყაროში რა პოზიციებიც ასლან უსოიანს ეკავა. სიტუაცია კი დედ ჰასანის კლანისათვის მძიმეა. ჯანგველაძე უკვე ცდილობდა მისი ლიდერების დაპატიჟებას შეკრებაზე, იმისათვის რათა გაერკვიათ თუ როგორი იქნებოდა მათი თანაარსებობა მომავალში.
"ქართველები ახლა ეცდებიან შეგვჭამონ", _ განაცხადა ე.წ. ქურდული შეკრების ერთ ერთმა მონაწილემ. რის შედეგადაც გადაწყდა, რომ რუსეთში უნდა დაბრუნდეს რომელიმე "წონიანი კრიმინალური გენერალი" რომელიც როგორც თანასწორს ისე დაელაპარაკება თუნდაც იგივე ჯანგველაძეს და სხვა ოპონენტებს. შეკრების მონაწილეებმა ასეთებად ზაქარია კალაშოვი (შაქრო მოლოდოი) და ლაშა შუშანაშვილი (ლასა რუსტავსკი) დაასახელეს. კალაშოვი სასჯელს ამჟამად ესპანეთში იხდის და შესაძლოა წელს გათავისუფლდეს. ხოლო შუშანაშვილს კი ხუთი წლით რუსეთში შესვლა აქვს აკრძალული და ამ აკრძალვას ვადა წელს გასდის. აღსანიშნავია, რომ ზაქროც და ლაშაც დედ ჰასანის ძველი მეგობრები არიან და კრიმინალურ წრეებში მათი ავტორიტეტი გამუზომლად მაღალია.
თუმცა შეკრებაზე ითქვა ისიც, რომ მაინც დაზუსტებით არავინ იცის თუ როდის გათავისუფლდებიან ლაშა ან შაქრო, ხოლო კლანის ინტერესებს დაცვა უკვე ახლა სჭირდება. ამის გამო დასახელდა კრიმინალურ წრეებში კიდევ ერთი "ავტორიტეტული ადამიანი" გავლენიანი ე.წ. კანონიერი ქურდი ვლადიმერ ტიურინი, ზედმეტსახელად ტიურიკი. სამართალდამცავთა მონაცემებით ტიურინმა თავისი თანხმობა კლანის საქმეების მოგვარენბაზე უკვე განაცხადა. მან გასულ კვირას უკვე დაურეკა რამდენიმე გავლენიან ე.წ. კანონიერ ქურდს იმისათვის რათა მათი აზრი მოესმინა. ხოლო ის ფაქტი, რომ ტიურინის მეუღლე მარინა მაკსაკოვა პარტია "ედინაია როსიას" დეპუტატია რუსეთის დუმაში კრიმინალურ სამყაროში არც არავის არ ეხამუშება.