ქართველი სპორტსმენის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ცხედარი ვანკუვერიდან მიუნხენში გადაასვენეს. გერმანიის გავლით კი, მას სამშობლოში ხვალ, გამთენიისას ჩამოასვენებენ.
გერმანიაში გადასვენებამდე დაღუპული სპორტსმენის ცხედარი ვანკუვერის მართლმადიდებლურ ეკლესიაში იყო დასვენებული, სადაც მას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაუხადეს.
ჩატარდა სამოქალაქო პანაშვიდიც. 21 წლის სპორტსმენის ხსოვნას ოლიმპიადის ყველა ქვეყნის მონაწილემ და კანადის ქართულმა სათვისტომომ პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.
ტრაგიკულად დაღუპულ ქართველ სპორტსმენს ბაკურიანში დაკრძალავენ. მისი სამშობლოში გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს საქართველოს მთავრობა დაფარავს.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ქართველი სპორტსმენი, მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი ვანკუვერში, ზამთრის ოლიმპიადის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, წინა შესარჩევი გარბენის დროს დაიღუპა.
აღსანიშნავია, რომ კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, ქართველი სპორტსმენის სახელობის ფონდი დაარსდა. ამ მიზნით "თი-ბი-სი" ბანკში ანგარიშიც გაიხსნა. მსურველებს შეუძლიათ ფინანსური დამხარება გაუწიონ, როგორც ქუმარიტაშვილის ოჯახს, ისე ციგაობის განვითარებას საქართველოში. ანგარიშის ნომერი: 6536010100062-ია. ანგარიში ეროვნულ ვალუტაშია.