შსს-ს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ყაჩაღობის ბრალდებით 1979 წელს დაბადებული ნიკოლოზ პ. დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა 2012 წლის 11 დეკემბერს 18:45 საათზე წერეთლის გამზირზე, სამთო ქიმიის მოპირდაპირე მხარეს მდებარე შპს „ლუკოილ ჯორჯია"-ს ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორებს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 215 ლარი გასტაცა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნიკოლოზ პ. 2013 წლის 25 იანვარს რუსთავში დააკავეს. მათ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას „Gold Star-2002"-ის მოდელის პისტოლეტი, ერთი მჭიდი და 5 ვაზნა ამოიღეს. იმავე დღეს ჩატარებული, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას „Blow Mini Mod 2003"-ის მოდელის პისტოლეტი, ერთი მჭიდი და 12 ვაზნა აღმოაჩინეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის (ყაჩაღობა) 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) 1-ლი და მე-2 ნაწილებით.