სასტუმრო "ქორთიად-მარიოტში" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღესთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში, დიდი ბრიტანეთის ელჩი დენის კიფი, პარლამენტარები და საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ წარმოადგინა გასული ერთი წლის ანგარიში და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მმართველობითი სტურქტურა შეიცვალა, არსებობს 4 ფაკულტეტი და 1 სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფაკულტეტი. შეიქმნა 13 კვლევითი ინსტიტუტი; 3 კვლევითი და 24 რეგიონული ცენტრი.
გიგი თევზაძემ აღნიშნა, რომ სასწავლებელი პარამეტრებით საქართველოში პირველ ადგილზეა, მაგრამ კიდევ დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ უნივერსიტეტმა თუნდაც აღმოსავლეთ ქვეყნების სასწავლებლებთა დონეს მიაღწიოს.
აღნიშნული უნივერსიტეტი 2006 წელს დაარსდა.